ბავშვებთან და ბავშვებისთვის...
კივიტას გეორგიკა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით დაარსების დღიდან არაერთ პროექტს ახორციელებს.
ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით კივიტასის გუნდი მუშაობს პოლიტიკის დონეზე - ადვოკატირების კუთხით და თავად ბავშვებთან და იმ ზრდასრულებთან, რომლებსაც ბავშვის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა სკოლამდელი განათლების მიმართულებით 15 წელზე მეტია მუშაობს. პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, კივიტასმა შეიმუშავა და დანერგა სკოლამდელი განათლების დივერსიფიცირებული და ინოვაციური მიდგომა “ალტერნატიული სკოლამდელი განათლების” მოდელი, რომელმაც UNICEF მოწონება დაიმსახურა და საფუძვლად დაედო სასკოლო მზაობის ეროვნულ პროგრამას, მოვამზადეთ სასკოლო მზაობის კურიკულუმი „ბასკო“, ჩამოვაყალიბეთ სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაცია და ბენჩმარკინგის მონაცემთა ეროვნული ბაზა, ორგანიზაციამ განახორციელა ფართომასშტაბიანი კვლევა COVID-19 პანდემიის გავლენაზე საქართველოში სკოლამდელი განათლების სისტემაზე.
ბოლო წლების განმავლობაში, კივიტასმა მიგრაციის მიმართულებით ისეთ თემაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ შეუსწავლელი და უხილავია.
გენდერული თანასწორობის მიმართულებით მუშაობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც იმ ქალების მხარდამჭერი პროექტი განვახორციელეთ, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი, არც ფორმალური განათლება აქვთ და არც არაფორმალური განათლების მიმართულებით არიან ჩართულნი (NEET).
კივიტას გეორგიკა ერთ-ერთი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბების დღიდან მუშაობს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის საკითხებზე, აკვირდება და აანალიზებს საქართველოს რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ცდილობს ხელი შეუწყოს სასოფლო ტერიტორიების განვითარებას, მათ შორის ხარისხიანი სერვისების ჩამოყალიბების სახით.
დემოკრატია უნდა აძლევდეს მოქალაქეებს შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი ინტერესები. კივიტას გეორგიკა თანამშრომლობს ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებთან, ახალგაზრდა ლიდერებთან და აქტივისტებთან იმისათვის რომ გაიზარდოს სამოქალაქო ჩართულობა მონაწილეობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის უზრუნველსაყოფად საქართველოს რეგიონებში.
2010 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო კრიზისული სიტუაციების დახმარების და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების და რეაგირების პროექტების განხორციელება საქართველოს რეგიონებში. მოხდა წყალდიდობის ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, სახანძრო მზადყოფნის ამაღლების და რეგირების პროექტების განხორციელება მთიან რეგიონებში, მოხალისე მაშველების მომზადება და სხვ.
განათლებას გადამწყვეტი როლი აქვს ახალგაზრდების დემოკრატიულ და პასუხისმგებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. მოქალაქეობრივი აღზრდა დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებების შესწავლით, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარების გზით არის შესაძლებელი. კივიტას გეორგიკას მიაჩნია, რომ დემოკრატიული მოქალაქეობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კულტურათაშორისი გაგება უფრო ეფექტურად ისწავლება „კეთებით“, ვიდრე ფორმალური „ცოდნის“ დაგროვებით. ამიტომ, საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით კივიტას გეორგიკა თანამშრომლობს სკოლებთან, ბიბლიოთეკებთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა დანერგოს „სწავლა კეთებით მეთოდოლოგია აქტიური მოქალაქეობისთვის“, აამაღლოს მასწავლებელთა დემოკრატიული კომპეტენციები.